თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. მისი თქმით, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 199 მილიონ 917 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 1 49 614,5 ათასი ლარით მეტია. კომისიებში განხილვის შემდეგ, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი, თბილისის მერიას დაუბრუნდება.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 42 204,9 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 270 531, 8 ათასს ლარს შეადგენს.
დღესვე, ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები განიხილეს, რომელიც დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კი საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები გააცნეს. კომისიის წევრებმა პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებიც განიხილეს და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს.