ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ვაკის, დიდუბის, კრწანისის და გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატები დაამტკიცეს.
დავით კვინიკაძის, ლევან ჯღარკავას, ბექა მიქაუტაძისა და ლევან ნაროუშვილის კანდიდატურები საკრებულოს წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ წარუდგინა.
დღესვე, ორი კომისიის წევრებმა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 55 მილიონ 107 ათას 800 ლარით გაიზარდა. აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი განიხილეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.