თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიების წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინეს. დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი დაამტკიცეს.
ასევე, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს.
ამას გარდა, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მთავრობას თანხმობა მისცეს და ერთ-ერთ მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცეს.