თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდნენ.
სხდომის ფარგლებში, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან, სსიპ თბილისის არქიტექტურის და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, რამდენიმე არეალზე გაუარესებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ პრეზენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მოცემულ არეალებზე არსებული მდგომარეობა, ზონალური ცვლილებები და რეგისტრაციები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თითოეული არეალი დეტალურად არის შესწავლილი.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წარმოდგენილ საკითხზე კომისიების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და კომისიების ფორმატში, შემდეგი შეხვედრა დაგეგმეს.