დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 350,0 ათასი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 1 228 326,9 ათასი ლარს შეადგენს. აღნიშნული საკითხი განსახილველად დღეს ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი დეპუტატებს დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.