ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კომისიის წევრებს ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე 1 მილიონი ლარით იზრდება.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის დადგენილებასა და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.
დღესვე, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა რამდენიმე მისამართზე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა. რის შემდეგაც დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები შეათანხმეს.