თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები რევაზ სოხაძე და გიორგი დოხტურიშვილი უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა. საქმე ეხება შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ რამდენიმე ობიექტის დაფინანსებას, რომელსაც შპს ,,ანაგი დეველოპმენტი 1“ და შპს ,,სოლუმ დეველოპმენტი“ განახორციელებენ.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები წარადგინეს.
დღესვე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.