თბილისის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის,ასევე გარემოს დაცვის კომისიების წევრებმა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნას დადებითი რეკომენდაცია მისცეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, ვლადიმერ ჭიღლაძემ წარუდგინა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი რამდენიმე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა. დეპუტატებმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და შპს „ალმას“ მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებები შეათანხმეს.
დღესვე დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხები, საკრებულოს წევრებს, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.