თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიების თავმჯდომარეებმა რევაზ სოხაძემ და გიორგი დოხტურიშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნეს.
ორი კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თბილისის ბიუჯეტი მცირდება.
საკრებულოს წევრებმა სსიპ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ „მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები, ასევე თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №17-49 დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა.
კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში, ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ზონალური ცვლილებების, რუკების კორექტირებას ეხებოდა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.