თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ კახეთელიძის ინიციატივით, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“-ს დირექტორთან ვახტანგ ნოზაძესთან და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლოზ ქობულაძესთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრებს კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი ლევან აბაშიძე ესწრებოდა.
„ეკოსერვის ჯგუფი“-ს დირექტორთან შეხვედრის დამსწრეებმა ვახტანგ ნოზაძისგან სამსახურში ამჟამად არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და მუშაობის სპეციფიკის ნიუანსების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საერთო მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე სამსახურის მუშაობაში დანერგილი სიახლეებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ინოვაციური მიდგომების შესახებ მსჯელობა გაიმართა.
დღესვე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ქობულაძე გარემოს დაცვის კომისიის წევრების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა და საკრებულოს წევრებს, სააგენტოს მუშაობის, სპეციფიკის, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის მონაწილეები კომუნიკაციის კიდევ უფრო ინტენსიურ ჭრილში წარმართვასა და ინფორმაციის აქტიურ რეჟიმში გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კომისიის კომპეტენციის ფარგლებში სამსახურების მომავალ საქმიანობაში სრულ მხარდაჭერას დაპირდა.