თბილისის საკრებულო გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორთან ვახტანგ ლომჯარიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სააგენტოში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ესწრებოდა.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. კომისიის წევრებმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, უწყების სამომავლო საქმიანობისა და გეგმების თაობაზეც იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განხილული საკითხების ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება. ამიტომ წინადადებების შემუშავების შემდეგ, რეკომენდაციები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება, ხოლო განხილულ საკითხების ის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ურთიერთთანამშრომლობით მოგვარდება.