რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა.
აპარატის მუშაობის პროცესს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც აღინიშნა, პირველ ეტაპზე აპარატები სამ ადგილზე დაიდგა, ხოლო მომავალი წლიდან კი ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.
კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.
კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.
აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტის-,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის და ის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.