თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილიც ესწრებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოპოზიციის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რამდენიმე დღის წინ საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდნენ. კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს. სხდომაზე მხარდაჭერილი საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.