თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანას’’ დაუჭირეს მხარი, რაც ავტობუსების 4 მარშრუტის ცვლილებას გულისხმობს.
დღესვე კომისიის წევრებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე ზონალური ცვლილება განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, გაცვლის, განკარგვისა და სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ იმსჯელეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიების თავმჯდომარეები გოჩა ბაბუნაშვილი და შორენა ბუხრაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენენ.
სხდომას კომისიის წევრების გარდა თბილისის მერიის არქიტექტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების, ასევე დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.