თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე, უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის No 19-118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ასიგნებების 4 365 000 ლარით ზრდასთან დაკავშირებით, რომელზეც დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდებაში (დებულება) ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‐ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა წარმოადგინა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ", ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 1 ოქტომბრის No 64- 103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. ასევე კომისიის წევრებმა სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხები კომისიის წევრებს სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
სხდომაზე იმსჯელეს სხვა მიმდინარე საკითხებზე და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.