თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ დეპუტატებს გააცნო.
თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ თხინვალაში არსებული მუნიციპალური სასაფლაოს მიმდებარედ,სარეკრეაციო ზონაში, თვითნებურად(უნებართვოდ) მოწყობილი სასაფლაოს პრობლემასთან დაკავშირებით საკითხი კომისიის წევრმა ლევან ჯაფარიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ამ პრობლემაზე მოსახლეობამ მიმართა და საქმეში შპს „ჰერმესიც“ ჩართულია. საკითხის განხილვაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი, შპს „ჰერმესის“ დირექტორი ნოდარ რაზმაძე და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
თემის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს „ჰერმესის“ დირექტორმა, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, კომისიის წევრებმა. სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხის ინიცირებაზე იმუშავებს შპს“ჰერმესი, რომელიც დეტალურ გეგმა-გრაფიკს წარადგენს ამ თემაზე.
კომისიის სხდომაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. პრეზენტაცია სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ წარადგინა.
მან ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სააგენტოს ახალმა მენეჯმენტმა ძირითადი აქცენტი თავშესაფრის გაძლიერებაზე გააკეთა. ვახტანგ ლონჯარიამ ისაუბრა თავშესაფარში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე და ცხოველთა ანტირაბიულ ვაქცინაციაზე. აღინიშნა, რომ განახლდა სააგენტოს ავტოპარკი, ოპერატიული რეაგირების ჯგუფების მიერ ჩატარდა სამაშველო ოპერაციები, სამაშველო ეკიპაჟები გადამზადდა. სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დადგა და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.