თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან ერთად მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატის დადგმის პროცესს დაესწრო.
აღნიშნული აპარატი, რომელიც ვარკეთილი 3-ის, მესამე ა მიკრორაიონში ე. თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერში განთავსდა, მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.
დისპენსერში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ.
მიუსაფარი ძაღლების გამოკვების გარდა, აღნიშნული პროექტი ნარჩენების გადამუშავებასაც ემსახურება.
იდეა, რომელიც პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის, დედაქალაქის მერიის მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.
საკვები აპარატების მუშაობის პროცესს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ქობულაძე სააგენტოს წარმომადგენლებთან და რაიონის გამგებლის მოადგილესთან ერთად ერთად ადგილზე გაეცნო.