დღეს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან - კახა კალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ლევან ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ახალი ცენტრის მშენებლობა ბოტანიკური ბაღის საქმიანობის განვითარებასა და ძირითადი მისიების განხორციელებას ხელს შეუწყობს.
,,ანალოგიური ცენტრების არსებობა სხვა განვითარებულ ქვეყნებში დანერგილია და მიხარია, რომ ჩვენ ამ პრაქტიკის ნაწილი ვხდებით და უკვე 2021 წლისთვის მისი მშენებლობა დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან, ასევე მის საქმიანობაში მონაწილე თითოეულ რგოლთან მჭიდროდ თანამშრომლობს და სწორად განვითარების გეგმის შემუშავებაში წვლილი შეაქვს“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
როგორც საკრებულოს გარემოს კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, გასულ კვირას საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, ბოტანიკური ბაღის დირექტორს, თამაზ დარჩიძეს იდეაც შესთავაზეს, რაც დედაქალაქის ათივე რაიონის მასშტაბით, როგორც საჯარო,ისე კერძო სკოლებში არსებული ეკო - კლუბებისა და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობას გულისხმობს.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ერთობლივი თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება.
ეროვნული ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. მოეწყობა ბაღის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელშიც თავს მოიყრის ლაბორატორია, ასევე გაშენდება სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეები.
შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და ის ბოტანიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას მოიცავს.
ღონისძიების დასასრულს, კაფსულის ჩაგდების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო.