თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში USAID-ის მხარდაჭერით და CENN (Caucasus Environmental NGO Network)-ის პროგრამა WMTR II-ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში - „უთხარი პლასტმასს არა “მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში, ბაღში სპეციალური ურნები განთავსდა, სადაც მოსახლეობას და დამთვალიერებლებს პლასტმასის ბოთლების ჩაყრის შესაძლებლობა მიეცათ.
შეგროვილი ბოთლები კი შესაბამის კომპანიას შემდგომი გადამუშავების მიზნით გადაეცემა.
ღონისძიების მონაწილეები ასევე თბილისში ნარჩენების მართვის შესაძლებლობებს გაეცნენ და ამასთანავე, სხვადასხვა სახალისო თამაშებსა და ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე ბოტანიკურ ბაღში მოწვეული სპეციალისტის, მატილდა მურატის ვორქშოფი ჩატარდა თემაზე: როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ნარჩენები ხელმეორედ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
წელს მსოფლიოს ქვეყნები პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ ერთიანდებიან. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის ჩართულობა სწორედ ამ მოსალოდნელი რეალობის შესაცვლელადაა საჭირო.
,,პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე იზრუნოს,-განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.