თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტთან გია გიორგაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველო“-ს თავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა, კომისიის თავმჯდომარეს, დარგში დღეს არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტმა მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობის (თართი) გამრავლებისა და მსოფლიო დონეზე მისი, როგორც ქართულ აბორიგენულ ჯიშად აღიარების ხელშეწყობის ღონისძიებებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის სპორტულ-პროფესიული შეჯიბრებებისა და გამოფენების ჩატარებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით კინოლოგიური ფედერაციებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გატარებული ღონისძიებები ერთი მხრივ, დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალს და მეორე მხრივ, მოზარდებსა და ახალგაზრდებთან სპორტული მიმართულებით მუშაობას განავითარებს.
დღესვე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველო“-ს თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს შეხვდა, რომლისგანაც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე კონკურსთან „სუფთა რეგიონი“ დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და ის ღონისძიებები განიხილეს, რომელთა გატარებაც დედაქალაქის ღირსეულად წარმოჩენისათვის აუცილებელი იქნება.
ასევე, დედაქალაქში არსებულ დაავადებულ ხეებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საყოფაცხოვრებო ნარჩენების თემას.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ რისკის შემცველი უბნებზე, მეწყერსაშიშ ზონებზე და თბილისში არსებული ტბების მდგომარეობა მიმოიხილეს.