თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად საგაზაფხულო გამწვანების აქციას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო.
პირველი ნერგი გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან ერთად დარგო.
აქციაში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, ამავე კომისიის წევრებმა- ჯაბა ჯიშკარიანმა და თარაშ შურღაიამ, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
საგაზაფხულო გამწვანების პირველ მასშტაბურ აქციაზე დიღმის ტყე-პარკში 7000 კვ. მ ფართობზე 600 კიპარისისა და კედრის ხე-მცენარე დაირგო.
2016 წელს თბილისის მასშტაბით კიდევ 180 000 ნერგის დარგვაა დაგეგმილი. 100 000 ხე-მცენარე კი შემოდგომაზე სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
მცენარეების დარგვის შემდეგ მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.