თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ორგანიზებით „დედაქალაქის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის“ საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებული პროექტი გააცნეს და მათი შენიშვნები მოისმინეს.
„დედაქალაქის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმაში“ ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის პოლიტიკა და ხედვაა წარმოდგენილი. დოკუმენტის სამუშაო ვერსია საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსთან“, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასთან და 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაშია.
ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და CENN-ის ორგანიზებით მიმდინარე USAID-ის პროგრამის ფარგლებში „ ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ მომზადდა.