30 იანვარი 2026
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. როგორც ლევან მიქავამ განაცხადა, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 296 მილიონ 420 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 506 მილიონ 978 ათას 300 ლარს.
ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების ჩამონათვალს ემატება ახალი პროგრამა - კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა. ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის შემდეგ, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები წარადგინა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.