თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა სამსახურის მიერ 2019-2020 წლებში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. მან კომისიის წევრებს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც სამსახურმა 2019-2020 წლებში განახორციელა, ასევე მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გამწვანების მიმართულების განხორციელებულ ღონისძიებებზე, ფიტოსანიტარიაზე, არსებული სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაციასა და ახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, 2019-2020 წლებში იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რომლებიც მერიამ და საკრებულომ მიიღეს, დედაქალაქში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა გარემოს დაცვის კომისიის წევრებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დოხტურიშვილმა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს კომისიის რეკომენდაციები გააცნო და გაწეული პროდუქტიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ასევე, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიკა ქობულაძეს მოუსმინეს, რომელმაც სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, ბოლო წლებში სააგენტოს ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მოსახლეობის მიმართვიანობაში აისახა. სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კომისიის სხდომაზე ცხოველთა გადაყვანის, თავშესაფარში არსებული ცხოველების შესახებ ისაუბრა.
ნიკა ქობულაძემ საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა. გარემოს დაცვის კომისიამ სააგენტოს წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.