თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს. ანგარიში სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ქობულაძემ წარადგინა. კომისიის სხდომას ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანგარიშის წარდგენისას ნიკოლოზ ქობულაძემ სააგენტოს მიერ 2021 წელს და ბოლო რამდენიმე წელიწადში შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 5 წელია არსებობს. მან კომისიის წევრებმა და მოწვეულ სტუმრებს იმ ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც სააგენტოს წინაშე დგას.
ნიკოლოზ ქობულაძემ 2021 წელს შესრულებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში 58 956 შეტყობინება შევიდა, რომლებზეც სააგენტოს თანამშრომლებმა კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინეს.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, 10 388 ცხოველი გადაიყვანეს თავშესაფარში, ამასთან ჩატარდა სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გასული წლის განმავლობაში სამაშველო ოპერაციების შედეგად 400-მდე ცხოველი გადაარჩინეს.
ამავე დროს, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები აშენდა. თბილისის სკოლებში ჩატარდა საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლებმა მომავალ თაობებს ცხოველებზე ზრუნვის, მათი დაცვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2022 წელს განსახორციელებელ პროექტებსა და ღონისძიებებზეც ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესებთან, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს როგორც კომისიის წევრებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.