თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
ბიძინა გიორგობიანმა კომისიის წევრებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის ფუნქციებსა და ამოცანებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოუდგინა და გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების განხორციელების თაობაზე საკუთარი ხედვა გააცნო.
სამსახურის უფროსმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის იმ კონკრეტულ ამოცანებზე, როგორიცაა: გამწვანების ობიექტების მოვლა, შემოგარენის ტყეების მართვის დაგეგმვა, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების გამწვანება-განაშენიანება, ასევე გამწვანების ობიექტებისთვის სამელიორაციო სისტემით უზრუნველყოფა, ზეხმელი და ავარიული ხეების ფორმირება.
,,რაც შეეხება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პუნქტს, მე მისი ამოღების მომხრე ვარ, რადგან თბილისში არსებული ტყეებს მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის ფუნქცია არ გააჩნიათ’’,-განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
დღესვე მან 2014 წლის აგვისტოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, ხაზი მაშინდელი მართვის სისტემის არაეფექტურობასა და საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებას გაუსვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტების განსაზღვრის კრიტერიუმები შეიცვალა, რაც 2015-2019 წწ. სამოქმედო გეგმით იქნა განსაზღვრული.
მომხსენებელმა პრეზენტაციაში ყურადღება 2014 წლის საშემოდგომო და 2015 წლის საგაზაფხულო რგვებზე გააკეთა, რომელიც როგორიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე კერძო სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა განახორციელეს.
მისივე თქმით, აღნიშნული სამსახური სხვადასხვა სახელმწიფო ინსიტუციებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც მის ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს.
სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს ინფორმაცია სკვერებისა და ბაღების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე მიაწოდა და აეროპორტის ტრასის მოწყობისა და 2 სკვერის აღდგენის კუთხით მიმდინარე საპროექტო სამუშაოები გააცნო.
სხდომის დასასრულს, ბიძინა გიორგობიანმა კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.