დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისია გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანს მოუსმინეს.
მომხსებელმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში წარუდგინა.
ბიძინა გიორგობიანმა ანგარიშში სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტით გათვალისწინინებული თითქმის ყველა პროექტი განხორციელებულია.
მან ასევე ბიუჯეტის ათვისების თემატიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქალაქო სამსახურის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანხების ათვისება ძირითადად II და IV კვარტალზე, კონკრეტულად კი სეზონურად ნაწილდება და შესაბამისად, პროექტების მცირე ნაწილი ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია.
დღესვე, სხდომაზე დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თბილისში ცოფის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებაზეც იმსჯელეს, რაც უპატრონო და მიკედლებული ცხოველების მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა თემურ ფხალაძემ, ამავე სააგენტოს უფროსის მოადგილემ ლერი ქვარაიამ, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა ცეზარ მაჩიტიძემ და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა ცისნამ დილებაშვილმა წარუდგინეს.
კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის ინიციატივით, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის მიზნით, წარმომადგენლობით ორგანოში აღნიშნულ სამსახურებთან ერთად, უახლოეს მომავალში დამატებით იმსჯელებენ.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ფუნქციური ზონალური ცვლილებების თაობაზეც იმსჯელეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი დეპუტატებს თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა პრეზენტაციის სახით წარუდგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.