თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კომისიის წევრებს სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოუდგინა.
ნინო სულხანიშვილმა 2015 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაასახელა.
მისივე თქმით, 2014-2015 წწ. პროექტის ,,მილიონი ხე’’ ფარგლებში 480 663 ნერგი დაირგო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე სკვერს, ამასთან, მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ხეების სხვლა - ფორმირების წესი დამტკიცდა.
სხდომაზე ნინო სულხანიშვილმა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს დაგეგმილია დენდროლოგიური პარკის რეაბილიტიაცია, ვერეს ხეობის გამწვანების სამუშაოები, სამი ახალი სკვერის მოწყობა, „მილიონი ხის“ პროგრამის ფარგლებში 180 000 ნერგის დარგვა, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, ფიტოსანიტარული კვლევების ჩატარება და ა.შ.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია ორ ზონალურ ცვლილებას მისცეს.