თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებს საკითხი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, წესის დამტკიცების შემთხვევაში, პირველ რიგში მოხდება დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრისით უზრუნველყოფა, მათთვის ფულადი დახმარების გაცემა და უძრავი ქონების დათმობის პროცედურების გატარება.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ქონების საბაზრო ღირებულებას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს.
ლექვინაძის ინფორმაციით, წესი ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს, კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფას და ასევე საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ.
მისივე თქმით, შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება.
"1-2 წევრიანი ოჯახებისათვის - 45 კვ.მ, 3-4 სულიანი ოჯახებისთვის - 65კვ.მ, 5-6 წევრიანი ოჯახებისთვის - 90 კვ.მ, ხოლო 7 და მეტ სულიანი დაზარალებული ოჯახებისთვის 110 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია გაიცემა. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, ვისაც სრულად დაეტბორა სახლი და გაუნადგურდა მოძრავი ქონების საოჯახო პაკეტი, მის შესაძენად სულადობის მიხედვით 8 000-დან - 10 500 ლარამდე მიიღებენ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, დაზარალებული ოჯახების დახმარება პრიორიტეტების მიხედვით მოხდება. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.
კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ დოკუმენტს უპრეცედენტო უწოდეს და მერიის მიერ წარმოდგენილ წესს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
"აღნიშნული წესის მიღებისთანავე დავიწყებთ მეორე ეტაბზე მუშაობას. ორშაბათს წესი შედის ძალაში და ამის შემდეგ დაიწყება პროცედურული საკითხების განხილვა. კანონმდებლობის გაწერილ ვადებში მოხდება ყველა იმ ეტაპის გავლა, რაც აღნიშნული წესით სარგებლობას ეხება", - განაცხადა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესზე საკრებულო 5 ივლისს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.