თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს.
წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს უპრეცედენტო რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ მთლიანად იცვლება კომუნიკაციები, ამ საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. ეს ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ვადებმა გადაიწია, ეს ბუნებრივი პროცესია და ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა თბილისის მუნიციპალიტეტს იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც მათზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს. მუნიციპალიტეტმა მათ შეუწყვიტა კონტრაქტი და ეს არის კანონით გაწერილი პროცედურა, რომელიც ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, რათა შემდეგში არაკეთილსინდისიერ კონტრაქტორს არ ჰქონდეს ჩივილის საშუალება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, დამატებითი სტრუქტურის შექმნის საჭიროება არ არის, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს შესაბამისი სამსახურები და მოსახლეობა ამ თვალსაზრისით დაზღვეულია.
„თბილისში არაერთი დიდი მოცულობის მშენებლობა მიმდინარეობს. ურბანულ კომისიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას მშენებლობების დეტალები არ აინტერესებს. ჩვენს ოპონენტებს არანაირი შინაარსობრივი შენიშვნა არ გააჩნიათ, უბრალოდ, სადაც ფონდი „ქართუ“ გაიჟღერებს, იქ ჩვენი ოპონენტები მუდმივად ცდილობენ საკითხი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. უნდა აღინიშნოს, რომ ფონდმა „ქართუმ“ თავად გაავრცელა განცხადება, ეს მათი სურვილია და არა ვალდებულება, რომ გარკვეული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯონ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.