თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, გააცნო.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
ლევან მიქავამ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის გზების მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება და სხვა.
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვის მიმართულება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა.
დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პროცედურის შესაბამისად განიხილეს, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს, რომელიც იმავე სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ წარმოადგინა.