თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დღეს გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი უკვე დიდი ხანია აღნიშნულ ინსტრუმენტს იყენებს.
„ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბება დაახლოებით ორი წლის წინ მთავრობის დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა, რაც „ცენტრ პოინტის“ პრობლემის მოგვარებისთვის განხორციელდა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით დაახლოებით ექვსი ათასამდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს ეხება და ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ეს ინსტრუმენტი კვლავ იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბება მოხდება იმ ადგილებში და იმ უბნებში, სადაც ურბანულად ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ყველა ის განცხადება და ბრალდება, რომლებიც დღეს გაჟღერდა, მხოლოდ პოპულისტურია და არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას.
„ ვწუხვარ, რომ საკრებულოს სხდომაზე და არც კომისიებზე ამ მიმართულებით ასეთი აქტიური მსჯელობა არ ყოფილა. დღეს კი ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაჟღერდა ბრალდება, რომელიც პოპულიზმია და სხვა არაფერი“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.