თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1,438,775 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის გზების მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და სხვა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, გაგრძელდება ისტორიული შენობების და ძეგლების რეაბილიტაცია; პარკებისა და სკვერების მშენებლობა/მოწყობა; საბავშვო ბაღებისა და სპორტული ობიექტების მშენებლობა.
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვის მიმართულება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა.
მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს, პროცედურის შესაბამისად, საკრებულოს ყველა დარგობრივ კომისიაში განიხილავენ, რის შემდეგაც კომისიები თავიანთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს წარმოადგენენ.