დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომას თბილისის გლდანისა და ისნის რაიონის გამგეობების წარმომადგენლები ესწერებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს საგანგებო სიტუაციის შექმნით გამოწვეული მდგომარეობა გააცნეს.
კერძოდ, გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ დეპუტატებს გლდანის რაიონში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ვითარების შედეგები გააცნო, რომელთა მიხედვითაც, დღეის მდგომარეობით, მე-2 მ/რ-ში მდებარე 25-ე კორპუსის მაცხოვრებელები საცხოვრებლის გარეშე იმყოფებიან.
ბესიკ ქარცივაძის განცხადებით, შემთხვევა მიმდინარე წლის 15 აპრილს მოხდა და გამგეობა აქტიურად მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. მისი განცხადებით, ვიდრე კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით, რომლის ქირასაც გლდანის გამგეობა გადაიხდის.
გლდანის რაიონის გამგებელმა დეპუტატებს ასევე გლდანის I მრ-ში, 21-ე კორპუსში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ვითარებაც გააცნო და აღნიშნა, რომ ძლიერი ჩამონგრევის შედეგად შექმნილი ავარიული მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
დეპუტატებმა ასევე ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელსაც მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს, თბილისში, ნავთლუღის ჩიხი N5-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული ერთსართულიანი შენობის აღდგენა-შეკეთების საკითხი წარუდგინა.
დეპუტატებმა გამგეობის მიერ წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რომლებიც განსახილველად, სარებულოს ბიუროს სხდომაზე დღესვე იქნება გატანილი.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას ასევე, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ეწერებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტები წარუდგინეს.
სხდომაზე ასევე, თბილისის მასშტაბით ზონალური ცვლილებების შესახებ საკითხებიც იქნა განხილული.