თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარემ თეიმურაზ ხომერიკმა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის 7 თვის ანგარიში წარადგინა.
ხომერიკმა, კომისიის წევრებსა და დეპუტატებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობის პრეზენტაცია, ფონდის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმოხილვით დაიწყო და ფონდის მისიასა და მიზნებზე, ასევე საქმიანობის პრინციპებსა და პრიოტიტეტებზე ისაუბრა.
თემურ ხომერიკმა ანგარიშის პრეზენტაციისას დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ 2015 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, უკვე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე. ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე და დანერგილ სიახლეებზე, რომელთა მეშვეობითაც ფონდის საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდება. მან ასევე დაწვრილებით წარმოადგინა თბილისში შენობა–ნაგებობების აღდგენა–გამაგრება–რეაბილიტაციის გეგმა. კერძოდ, გამოყო ერეკლე მეორის მოედანზე, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის გაზირის N184, N34, N36, კოსტა ხეთაგუროვის N7, ღვინის აღმართზე და სხვა მისამართებზე მიმდინარე სამუშაოები.
თეიმურაზ ხომერიკმა ასევე ისაუბრა, ქალაქში მდებარე რამდენიმე მისამართზე ფონდის მიერ დაგეგმილ წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა შეუთანხმებელ პროექტებზე. გარდა ამისა, ფონდის ხელმძღვანელმა, კომისიის სხდომაზე მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა და სხვა საკითხზე ახალი მოსაზრებები წარმოადგინა.
პრეზენტაციის შემდეგ სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა თემურ ხომერიკს, თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.
აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელის მოსმენა, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის ინიციატივით გაიმართა.