თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს.
სხდომას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, თბილისის ,,მუნიციპალური ლაბორატორიის’’ ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე, ,,სინათლის ქალაქის“ დირექტორი ვასილ ხორავა და ,,თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი გიორგი ბაგრატიონი ესწრებოდნენ.
ავთანდილ სუდაძემ კომისიის წევრებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების ფუნქციებსა და ამოცანებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინა და პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების განხორციელების თაობაზე საკუთარი ხედვა გააცნო.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის’’, ,,სინათლის ქალაქისა’’ და თბილსერვის ჯგუფის“ იმ კონკრეტულ ამოცანებზე და ინოვაციებზე, როგორებიცაა: ჰაილიტის, ასევე ცივი და მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიები, ე.წ. Led სანათები და ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები.
მანვე დეპუტატებს სრული ინფორმაცია მიაწოდა განათების ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაციის და ასევე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის თაობაზე.
დღესვე მომხსენებელმა განმარტება დასუფთავების კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე, თბილისის ზღვის შემოვლითი გზისა და მუხათგვერდის ხიდი-ესტაკადის მშენებლობაზეც გააკეთა და ამასთან, ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურისა და შემოვლითი გზების მოწყობაზე, რამდენიმე ხიდის რეაბილიტაციასა და მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობაზეც ისაუბრა.
ავთანდილ სუდაძემ სხდომაზე ხაზი 2014 წლის აგვისტოში არსებული მდგომარეობასა და წინა ხელისუფლების მიერ სისტემის არაეფექტიანობას გაუსვა.
მისი თქმით, სამუშაოები ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც სტატისტიკური მონაცემები მოწმობენ.
სხდომა, რომელიც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის ინიციატივით გაიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პრეზენტაციის დასასრულს, დეპუტატებმა ავთანდილ სუდაძეს სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.