დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატებს თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური, მრავალფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე სავაჭრო ცენტრის, სპორტული მოედნების, დახურული აუზისა და საწყობების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები წარუდგინეს.
კომისიის წევრებმა საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.