დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს.
კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ის საკითხები წარუდგინა, რომლებიც თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით, გაცვლის უფლებითა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
დღესვე დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს კრწანისის, ვაკის, ისნის, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები, რომლებიც სხდომის მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.