თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
კერძოდ, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა დეპუტატებს თბილისში ზონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული თერთმეტი საკითხი წარუდგინა, რომლებიც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გადაწყვეტილებით დამატებით შესწავლას საჭიროებდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებიდან, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა, მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, 10 საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ხოლო ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრის დავით ჭელიძის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე მისამართზე წარმოდგენილი ზონალური ცვლილების საკითხს, დეტალური განხილვის მიზნით, კომისიის წევრები ადგილზე შეისწავლიან.