30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს 296 420 100 ლარი დაემატება და ჯამში 2 506 978,3 ათას ლარით განისაზღვრება.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ საირმის, მუხაძისა და აბაშიძის ქუჩებზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია\ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებზეც იმსჯელეს. ამას გარდა, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა დასამტკიცებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტები და ზონალური ცვლილებები წარადგინა.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.