თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 983 178,0 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) შედარებით 219 823,3 ათასი ლარით, ხოლო 2025 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 826 308,6 ათასი ლარი) შედარებით 156 869,4 ათასი ლარით არის გაზრდილი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ კი დეპუტატებს ქალაქში არსებული რამდენიმე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო. ამის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
დღესვე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების”; „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“; „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“, ასევე, „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.