თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, რამდენიმე მისამართზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
ამასთან, დეპუტატებმა ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე რიგი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიისთვის პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესახებაც იმსჯელეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა რამდენიმე დაუსრულებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებსა და ზონალურ ცვლილებებზეც იმსჯელეს, რის შემდეგაც, დეპუტატებმა საკრებულოს რიგ დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს.