26 დეკემბერი 2025 ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ნიკოლოზ კახეთელიძემ მოსკოვის გამზირზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში, შპს „მეტი დეველოპმენტის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა. დეპუტატებმა ზურა მირაქიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტისათვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კი კომისიის წევრებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები გააცნო. დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებსა და ზონალურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი დაამტკიცეს და საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ამას გარდა, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.