თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 241 034,9 ათასი ლარით იზრდება და 2 004 389,6 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა.
კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებიც შეათანხმეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, თბილისში მდებარე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“; „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების“ და „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება/ რეალიზაციის წესის დამტკიცების” შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.