თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც საკითხის წარდგენისას მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, ბიუჯეტის მოცულობა უცვლელი რჩება და მასში ცვლილებები მიმდინარე წელს გადასახდელების ნაწილში არსებული რესურსების გადანაწილების ხარჯზე ხორციელდება.
ბიუჯეტის ცვლილებების განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართზე ზონალური ცვლილებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი, რის შემდეგაც, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა შპს „იქსორი წერეთელზე 2“-ის მიმართ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.