თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიმდინარე წლის ანგარიშს მოუსმინეს. საკრებულოს წევრებს ანგარიში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ წარუდგინა. მან „თბილსერვის ჯგუფში“ შემავალი ყველა სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ფუნქციურად „თბილსერვის ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა.
დავით ფაჩულიას თქმით, სამსახური მუშაობას ახორციელებს როგორც ქალაქის დაგვა-დასუფთავების, გარე განათების, ქუჩების დახაზვის, სანიაღვრე და კიდევ მრავალი მიმართულებით. შესაბამისად, საჭიროებებიდან გამომდინარე, შპს-მ მიმდინარე წელს სპეც. ტექნიკა და შემკრები კონტეინერები შეიძინა.
დავით ფაჩულიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს „თბილსერვის ჯგუფი“ ავტოპარკის განახლებას და სპეციალური ტექნიკის შეძენას გეგმავს. მისივე თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და სუნის აღმოსაფხვრელად, ნარჩენების პოლიგონზე წყლის ფილტრატების დაყენება.
ამას გარდა, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თქმით, მომავალ წელს ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყება. როგორც დავით ფაჩულიამ განმარტა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები ნაგებობა დაიდგმება. რაც შეეხება მეორე პროექტს, დავით ფაჩულიას თქმით, მომავალი წლიდან თბილისში, ეტაპობრივად ნარჩენების სეპარირება დაიწყება, რისთვისაც დედაქალაქის მასშტაბით, სპეციალური კონტეინერები დამონტაჟდება.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.