თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინა, ბიუჯეტის მოცულობა 9 459,1 ათასი ლარით იზრდება და 1 833 083,6 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები შეათანხმეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა კი „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის, ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
კომისიის წევრებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” და ასევე „ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ “ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.