ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელიც რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს. სხდომას აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის; მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირისთვის სამგორის რაიონში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 11 228 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე კომისიის წევრებმა დიდი დიღმის დასახლების მიმდებარედ არსებული კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხი შეათანხმეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს შარტავას ქუჩასა და არჩილ ამაღლობელის ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის გასატარებელი დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი გააცნო.
სხდომაზე განხილული საკითხები, რომლებიც დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს.