თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
რის შემდეგაც, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.