თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარადგინეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, საკრებულოს ნებართვის მისაღებად, კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში” გასაფორმებელი ხელშეკრულება წარუდგინა. პროექტი თბილისში გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS), მდგრადი სატრანსპორტო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ითვალისწინებს.
აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და წერეთლის გამზირზე მდებარე რამდენიმე ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
დღესვე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილებაშიც. ამას გარდა, ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებებში.
კომისიის წევრებმა, დიდი დიღმის დასახლებაში, III და IV მ/რ-ებს შორის არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხი შეათანხმეს და რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
კომისიაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.